თეგებით ძიება

კანონპროექტის მიღება, რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, აქტუალური აღარ არის - ლევან დავითაშვილი

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება, რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, აქტუალური აღარ არის.

მინისტრის განმარტებით, ძირითადი საკითხები, რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით დარეგულირებულია.

„დიახ, ქმედებებმა, რომელიც ჩატარდა კონკურენციის სააგენტოს მიერ, ჯერ იყო ანალიზი, სიტუაციის მოკვლევა, გარკვეული პრობლემები, პრობლემური საკითხები გამოიკვეთა სამართლიან ვაჭრობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ იყო კომუნიკაცია და არა ერთი შეხვედრა სხვადასხვა რგოლთან - დისტრიბუტორები, იმპორტიორები, თუ საცალო გამყიდველები და ბევრი საკითხი გაირკვა ამ შეხვედრების შესაბამისად და პრობლემები და კითხვები, რომლებიც იყო დასმული გაითვალისწინეს სავაჭრო პროცესში მონაწილე მხარეებმა, რამაც იმოქმედა ფასების შემცირებაზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ იმდენად აქტუალურად არ მიგვაჩნია ახალი კანონის მიღება.

ამ კანონთან დაკავშირებით იცით, რომ ეს არის ახალი დირექტივა ევროკავშირის და ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა დოზით არის ამოქმედებული, შემოტანილი ეროვნული კანონმდებლობის დონეზე. პირველი შეფასებები უნდა გაკეთდეს და ჩვენც პროცესის მონაწილე ვიქნებით, დავაკვირდებით როგორი იქნება შეფასებები და ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ხოლმე ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს ბიზნესზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ცოტა გრძელვადიანად ვუყურებთ ამ პროცესს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება პრაქტიკული შედეგები, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონმდებლობა არსებობს, ჩვენ გარკვეული ფორმით გავითვალისწინებთ ჩვენს პოლიტიკაში.

ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და ვაკვირდებით პროცესს და შესაბამისად, იმის მიხედვით მოხდება ამ საკანონმდებლო ინიციატივის, საკანონმდებლო გადაწყვეტილების თუ საკანონმდებლო აქტის ინიცირება, რამდენადაც აქტუალური და მიზანშეწონილი იქნება. დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადი საკითხები, რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით არის დარეგულირებული. დღეს ჩვენ დიდი კითხვის ნიშანი კონკურენციის კუთხით არ გაგვაჩნია და შედეგებიც ჩვენ ვნახეთ და ეს აისახა კიდეც სურსათის ფასებზე და ბევრი მიმართულებით პრობლემა მოხსნილია - აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ დაველოდებით იმ შედეგებს, რომელიც იქნება, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა