დღეს „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, პირდაპირ თბილისში ჩაგვიყენებდნენ რუსულ ტანკებს - ირაკლი კობახიძე
2020 წელს რომ მოეგო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არჩევნები, ან 2021 წელს რომ მოეხერხებინათ რიგგარეშე არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა და შეეცვალათ ხელისუფლება, დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველო ჩართული იქნებოდა ომში. მან დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით. მაგალითად, 2020 წელს რომ მოეგო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არჩევნები, ან 2021 წელს რომ მოეხერხებინათ რიგგარეშე არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა და შეეცვალათ ხელისუფლება, დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები. როგორც 2008 წელს შემოგვიყვანეს საქართველოში რუსული ტანკები, დღეს კიდევ უფრო მძიმე ფორმით, პირდაპირ თბილისში ჩაგვიყენებდნენ რუსულ ტანკებს. ეს იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შედეგი. ეს არ დავუშვით და ხალხმა არ დაუშვა, რომელსაც რამდენჯერმე უთხრა უარი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. საბოლოო ჯამში, მთავარი დამსახურება მაინც ხალხს აქვს, რომელმაც არ დაუშვა მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. ქვეყანაში რომ მშვიდობა გვაქვს, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების გამოცდილების დამსახურება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.