უკრაინაში საქართველოს ელჩთან სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე
უკრაინაში საქართველოს ელჩთან სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამორიცხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა
„რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ერთი მარტივი მიზეზის გამო - პირველი, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას და მეორე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა. იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, სამწუხაროდ, შემდეგი ნაბიჯები საინტერესო აღარ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.