თეგებით ძიება

დღეს გამოჩნდა, როგორი სუსტია „რუსული ოცნება“ - ანი წითელაძე

ოპოზიციამ 2-დღიანი, 10 საათიანი განხილვების შემდეგ ყველას დავანახეთ, რომ "ქართული ოცნების" მიზანი არ არის ძლიერი ქართული ჯარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობას სურდა “თავდაცვის კოდექსი“ სწრაფად და განხილვების გარეშე მიეღო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ცვლილებები არა მუხლობრივად, არამედ თავობრივად განეხილათ.

„არაფერი იმაზე უფრო შეურაცხმყოფელი არ არის ჩვენი სამხედროებისა და ქართული ჯარისთვის, ვიდრე მცდელობა „რუსული ოცნების“, რომ ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კანონი კონსტიტუციის შემდეგ, „საქართველოს თავდაცვის კოდექსი“ მიეღო სწრაფად, განხილვების გარეშე. „რუსულმა ოცნებამ“ „თავდაცვის კოდექსის“ მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, როგორც ზოგადად ხდება, თავობრივი განხილვა დააანონსა, თუმცა, ოპოზიციამ შევძელით და 2-დღიანი, 10 საათიანი განხილვების შემდეგ, რეალურად დავანახეთ ყველას, რომ „რუსული ოცნების“ მიზანი არ არის არც ძლიერი ქართული ჯარი, არც ჩვენი სამხედროების უფლებების დაცვა, მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ კოდექსი და წასულიყვნენ შემდეგ დასასვენებლად. გუშინ დაისვა უამრავი შეკითხვა, სადავ მინისტრის მოადგილეს არ ჰქონდა პასუხები. ნათლად აჩვენებს, როგორ „პატივს სცემს“ „ქართული ოცნება“ ქართულ ჯარს, როცა განხილვაში უმრავლესობიდან მხოლოდ 5 დეპუტატი მონაწილეობდა და დღეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გვითხრა, რომ „თავდაცვის კოდექსზე“ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ჰქონიათ განსახილველი უმრავლესობის წევრებს და ამიტომ არ ესწრებოდნენ კოდექსის განხილვას. დღეს გამოჩნდა, როგორი სუსტია „რუსული ოცნება“, როცა ოპოზიცია მობილიზებულია და აქვს კომპეტენტური კითხვები“, - განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65- მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა. დღევანდელ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხილულიყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა