"ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა, უკრაინამ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ლიდერებს პასუხობს. ის ამბობს, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა მისი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ.
"ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა შემომიტანა მაშინ.
რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე.
და ის რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატა და უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას "საშინაო საქმეებში ჩარევა" უწოდა. დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.