თუ დეკემბერში განმეორდება უსამართლო გადაწყვეტილება, დაგვჭირდება კარტების გახსნა - ირაკლი კობახიძე სტატუსზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, ხელისუფლებას "დასჭირდება" საზოგადოებისთვის "კარტები მეტად გახსნას".
"დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს საზოგადოებისთვის.
უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად თუ რას შეიძლება განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“, - ამბობს კობახიძე.