საგარეო უკრაინაში საქართველოს ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს - ილია დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უწყება უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.
მისი თქმით, ელჩი მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს.
"ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. სხვათა შორის, ელჩმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის მოემგზავრება საქართველოში, ის სამინისტროში გააგრძელებს ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან. საქართველოს საელჩო კიევში აგრძელებს მუშაობას, დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვფიქრობ საერთოდ კითხვები არ არსებობს, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ამიტომ არის უსაფუძვლო უკრაინის გადაწყვეტილება", - თქვა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.