თეგებით ძიება

ცეცხლმა 10 წუთში ფერფლად აქცია მანქანა, ერთ-ერთი გოგოს კივილის ხმა მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება - რას ამბობს თვითმხილველი ქუთაისთან მომხდარ ავარიაზე?

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველი ამბობს, რომ ავტომობილის ბორდიურზე ძლიერი შეჯახებით გამოწვეულმა ცეცხლმა 10 წუთში მანქანა ფერფლად აქცია.

“პირველები შევესწარით მე და ჩემი ოჯახი ამ უბედურებას. წამებში გაქრა მანქანა. იმწამსვე ყველასთან ვითხოვეთ დახმარება 112-ის საშუალებით, მაგრამ ამაოდ. ბორდიურზე ძლიერი შეჯახებით გამოწვეულმა ცეცხლმა 10 წუთში ფერფლად აქცია მანქანა. ხეებში ჩაჩეხილი აყირავებული მანქანა, საშინელი შავი ბოლი და ერთ-ერთი გოგოს კივილის ხმა, – მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ნუთუ იმისთვის მოვაბრუნეთ ჩვენი მანქანა, რომ ეს საშინელება მენახა. გოგოს სიკვდილამდე იმის განცდა მქონდა, რომ ერთ-ერთი მაინც გადაარჩინა ჩვენმა ზარმა. სრული შოკი გვაქვს მიღებული, ამდენი ადამიანი ცოცხლად დაიწვა ჩვენს თვალწინ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უდიდეს ტკივილს. მარადიული სასუფეველი ჰქონოდეთ. მე მუდამ ვილოცებ ამ ანგელოზების სულებისთვის, გემუდარებით, იარეთ ნელა”, – ამბობს თვითმხილველი.

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი, ჯუბა კუხიანიძე და ეკა სანიკიძე – ეს ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა