თეგებით ძიება

“თანაშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს“ - რა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში?

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შენობა ძლიერი წვიმის დროს ინგრევა.

“წლების მანძილზე საქმიანობა გვიხდება უკიდურესად მძიმე, კაბალურ და თან პერსონალის და ავადმყოფების ღირსებისშემლახველ და შეურაცხმყოფელ პირობებში - ასე ვთქვათ, „ჯაყოს ხიზნების“ როლში. ჩვენ რამდენიმეჯერ წამოვიწყეთ შპს „ავერსი-ფარმასთან“ სამართლებრივი დავა, რომლის დროსაც „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობა იძლეოდა სხვადასხვა დაპირებას (რომ დაგვიბრუნებდა ტერიტორიის ნაწილს, სადაც შევძლებდით ახალი შენობის აშენებას და სხვ.), მაგრამ როგორც წესი, გვატყუებდა და ამ დაპირებებს არ ასრულებდა. ხოლო 2019 წელს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობამ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გარიგების გზით გამოატანინა ანეკდოტური განჩინება, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან სახელმწიფომ ჩვენი ცენტრი უკვე დააკმაყოფილა?! სათანადო მიწის ნაკვეთით და შენობა-ნაგებობით??!!შპს „ავერსი-ფარმას“ ადმინისტრაცია იქამდეც მივიდა, რომ გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს და მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახდეს.

ჩვენ იძულებული ვიყავით დროებითი გადახურვა გაგვეკეთებინა, მაგრამ ის ვერ უძლებს ძლიერ წვიმებს, რის გამოც ადმინისტრაციული შენობის ცალკეულ ოთახებში არაერთგზის ჩამოინგრა ჭერი, ჩამოვიდა დიდი რაოდენობით წყალი, გაფუჭდა ინვენტარი, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და საფრთხე შეექმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. უკანასკნელად ასეთი ფაქტი მოხდა ა.წ. 4 ივლისს, როდესაც ძლიერი წვიმის დროს ჩამოვიდა არა მარტო დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, არამედ ჩამოინგრა კონსტრუქციებიც, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ხოლო თანაშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში“, - წერს ცერცვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა