თეგებით ძიება

სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს - შსს

დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო.

დარახველიძის ინფორმაციით, პოლიცია შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს.

„დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა