როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს?
ზაფხულის სეზონთან ერთად ბავშვის მგზავრობის აუტანლობის პრობლემაც მწვავდება. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ბავშვსა და მშობელს მგზავრობით გამოწვეული დისკომფორტი? მშობლები.ჯი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.
მგზავრობამდე ბავშვი საათნახევრით ან ორი საათით ადრე ასაუზმეთ, ისიც მსუბუქად. სავსე კუჭზე რწევა კიდევ უფრო რთული გადასატანია.
თუ ბავშვს მანქანაში გული მაინც აერია, გზას ნუღარ გააგრძელებთ, კარგად გაანიავეთ სალონი, რადგან ზოგჯერ სუნი განმეორებით სპაზმს იწვევს. თუ მხოლოდ შეგრძნება ტანჯავს, ეცადეთ, გულისრევა ხელოვნურად გამოიწვიოთ და ამის შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაჩერდეთ. მგზავრობისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ გადატვირთულ გზაზე არ მოგიხდეთ სიარული.
პროფილაქტიკისთვის ბავშვი ხშირად აქანავეთ საქანელასა და კარუსელებზე. დადგენილია, რომ ჩვილებს, რომლებსაც ხანგრძლივი რწევით აძინებდნენ, გაცილებით უფრო გამძლე ვესტიბულარული აპარატი უყალიბდებათ. აღმოჩნდა, რომ რწევას ძილის წინ, რასაც ბევრი აპროტესტებს და ბავშვისთვის ცუდი ჩვევის ჩამოყალიბებას უწოდებს, ეს საკმაოდ დიდი პლუსი აქვს - ძილის წინ რწევას მიჩვეულ ბავშვებს მგზავრობისას გული ნაკლებად ერევათ.
თუ პრობლემას მარტივად ვერ აგვარებთ, პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ, ჰომეოპათიური პრეპარატებიც სცადოთ.