ჩაშლილი პრაიდის ფესტივალი - რას წერს საერთაშორისო მედია?
თბილისში, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებსა და პრაიდის ფესტივალის ჩაშლას საერთაშორისო მედიაში ეხმაურებიან.
"საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც ულტრამემარჯვენეთა ათასობით მხარდამჭერი ტერიტორიაზე შეიჭრა და ცისარტყელას დროშები დაწვა. ხელისუფლებას თავდასხმის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ", - წერს Deutsche Welle.
2000-მდე ანტი ლგბტქ+ მომიტინგემ საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ფესტივალი დაარბია, პოლიციას დაუპირისპირდა და ფესტივალის რეკვიზიტები გაანადგურა, მათ შორის ცისარტყელას დროშები და პლაკატები. ორგანიზატორები ხელისუფლებას დემონსტრანტებთან აქტიურ შეთანხმებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილ", - წერს The Guradian.
"საქართველოს დედაქალაქ თბილისში საჭირო გახდა პრაიდის ფესტივალის მონაწილეთა ევაკუაცია და ღონისძიების გაუქმება მას შემდეგ, რაც ასობით ულტრამემარჯვენე რუსეთთან დაკავშირებული მომიტინგე ძალადობრივად თავს დაესხა ადგილს. პოლიცია მომიტინგეების ძარცვასა და ნივთების დაწვას უმოქმედოდ ადევნებდა თვალს", - წერს Democ.
შეგახსენებთ, "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს. მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილას შეიჭრნენ, საიდანაც პრაიდის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაც, რაც ქურდობას გულისხმობს.
ფოტო: Civil.ge