იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდანაც არ გამოგვაგდონ - იაგო ხვიჩია
„ქართული ოცნების“ ქმედებებით არა თუ სადმე ახალ ორგანიზაციაში მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდანაც არ გამოგვაგდონ, - ასე ეხმაურება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილს.
როგორც ხვიჩიამ პაპუაშვილის წერილის შეფასებისას აღნიშნა, საზოგადოებას აჩვევენ, თითქოს, სხვა არის დამნაშავე იმაში, რომ თავად „არ ვარგიან“.
"ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და რატომ არ მიმიღე.საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს - იმსახურებს ნატოსა და ევროკავშირის წევრობას, იმსახურებს ერთ სულ მოსახლეზე ასი ათასს დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს, ამიტომ გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ - მთავრობის სიყვარულით თუ ხალხის პატივისცემით", - განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.