MAP-ის ეტაპი ამოღებულია" - ალიანსმა უკრაინის ნატოსთან დაახლოების პაკეტი შეათანხმა
ნატოს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად მაპი-ს მოთხოვნა მოხსნილი – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღის შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, როდის მიიღებს უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას, სტოლტენბერგის თქმით, შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ნატოში,"როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს":
“გასულ წელს მადრიდში გამართული სამიტის შემდეგ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს დახმარების უპრეცედენტო რაოდენობა, რაშიც შედიოდა შეიარაღება, აღჭურვილობა და წვრთნები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.
დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოონ.
პირველი ეს არის მრავალწლიანი დახმარება უკრაინას, რომელიც ქვეყანას საბჭოთა სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანს, აღადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებს და დაფარავს კრიტიკული საჭიროებები, როგორებიცაა საწვავი და სამედიცინო ხარჯები.
მეორე, ეს არის უკრაინა-ნატოს საბჭო კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, როგორც თანასწორი მხარეები. ხვალ გაიმართება ამ საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით.
მესამე: ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვთანხმდებით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] ეტაპი ამოღებულია. ეს შეცვლის უკრაინის გზას ნატოსკენ და ორეტაპიანი პროცესი გახდება ერთეტაპიანი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უკრაინას მოვიწვევთ ნატოში, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.