თეგებით ძიება

„დაგვიანებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი სესია უნდა ინიშნებოდეს“ – გულშემატკივრების თხოვნა გამოცდების ცენტრს

ეროვნულ გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები, რაც აბიტურიენტის კონკურსიდან გათიშვით მთავრდება, გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა და არც 2023 წელია გამონაკლისი. 

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, დაგვიანებული გამოსაცდელის გამოცდიდან უკან გაბრუნებას გულშემატკივართა რიგებიდან პროტესტი ხშირად მოჰყვება ხოლმე. უმეტესად მშობლები აქტიურობენ. ასე მოხდა 11 ივლისს 175-ე საჯარო სკოლაშიც. სადაც აბიტურიენტმა ბიჭმა 10-11 წუთით დაიგვიანა. EDU.ARIS.GE ფაქტს ინგლისური ენის გამოცდის პირველ სესიაზე შეესწრო, რა დროსაც ადგილზე აფრიკის დასახლებიდან მუხიანში ტაქსით მისული აბიტურიენტის უკან გამობრუნებას გულშემატკივართა სერიოზული პროტესტი და ცენტრის დაცვასთან შელაპარაკებაც კი მოჰყვა.

წვიმაში მდგომი სხვა აბიტურიენტების გულშემატკივართა აღშფოთება სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბიჭი მუხიანის საგამოცდო ცენტრში აფრიკის უბნიდან მოდიოდა, ეს ლოკაციები კი ძალიან შორს არის ერთმანეთისგან.

“თქვენი შვილი რომ იყოს დაგვიანებული, არც მათ შეუშვებდით?”, “კარგით, რა, გამოიჩინეთ ადამიანობა”, “ახლა, რამე რომ დაუშავოს საკუთარ თავს, თქვენ აგებთ პასუხს?!”- ისმოდა რეპლიკები საგამოცდო ცენტრის დაცვის სამსახურის მისამართით.

ერთ-ერთი გულშემატკივარი .ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ  გამოცდაზე დაგვიანებული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესია უნდა ინიშნებოდეს.

“ჩვენ ხომ არ ვიცით, რატომ იგვიანებენ ბავშვები. მაგალითად, ეს აბიტურიენტი ტაქსით მოვიდა, შორი გზა გამოიარა. როგორც თქვეს, აფრიკის უბნიდან მოვიდა გამოცდაზე. დამატებითი საგამოცდო სესია უნდა დაინიშნოს ამ ბავშვებისთვის, ეს არის გამოსავალი, მათ ხომ გადაიხადეს გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური”.

მშობელი, ნინო მიქაძე კი მიიჩნევს, რომ აბიტურიენტის გამოცდაზე დაგვიანების  მთავარი მიზეზი ისაა, რომ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრებში მათი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით არ ანაწილებენ.

“ჩვენ საბურთალოდან მოვედით საკუთარი ავტომობილით. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც იგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე. ერთ-ერთი და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ ხდება აბიტურიენტების გადანაწილება საგამოცდო ცენტრში. როგორც აღვნიშნე, საბურთალოდან მუხიანში ვართ გამოცდისთვის მოსული. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სამუშაო დღეა, მაგრამ მშობლების გარკვეულ ნაწილს ხედავთ აქ. ისინი შიშობენ, შვილმა გამოცდაზე არ დაიგვიანოს და ამიტომ, პრევენციისთვის, თავად მოჰყავთ. ამის გამო თავადაც წყდებიან საქმეებს და სამსახურის გაცდენაც უწევთ”, – აცხადებს ნინო მიქაძე.

კიდევ ერთი აბიტურიენტის დედა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინება უმთავრესია. ის საკუთარ ხედვასაც გვიზიარებს იმ შემთხვევისთვის, თუ NAEC-ი დაგვიანებული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესიის ჩანიშვნის მზაობას გამოთქვამს:

“როცა აბიტურიენტი არ ცხადდება გამოცდაზე, მიზეზი რაც არ უნდა იყოს, შედეგი ასეთია: მას უწევს 1 წელი ლოდინი იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, მომდევნო წელს ჩაბარების სურვილი კვლავ ექნება. თუ საგამოცდო ცენტრს შეუძლია, რომ დამატებითი სესია ჩანიშნოს, რატომაც არ უნდა ჩანიშნოს?! მაგრამ ეს მათთვისაც არის დამატებითი ხარჯი და ვერ მოვთხოვთ, უბრალოდ, რომ ვთხოვოთ ეს შეგვიძლია. სამართლიანები რომ ვიყოთ, ასეთი ინიციატივა მაქვს: ხელმეორედ გადაიხადოს დაგვიანებულმა აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლის საფასური და  არავინ დარჩება გაწბილებული. უწყების მიმართაც სამართლიანი იქნება ასეთი შეთავაზება”.

როგორც ხედავთ, აბიტურიენტების გულშემატკივრების პოზიცია ასეთია: მიუხედავად იმისა, რა არის აბიტურიენტის დაგვიანების მიზეზი, თუ მათ გამოცდაზე მოგვიანებით გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, ამ ფაქტს მიესალმებიან.

წყარო EDU.ARIS.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა