თეგებით ძიება

ევროპაში გასულ ზაფხულს სიცხისგან 61 600 ადამიანი გარდაიცვალა, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთშია

ევროპული ჯანდაცვის ინსტიტუტების მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ევროპისთვის ყველაზე ცხელ გასულ ზაფხულს, 2022 წლის მაისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე, ევროპის 35 ქვეყანაში პაპანაქება სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო 61 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გასულ ორშაბათს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში – საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში სიცხით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მოსახლეობის რაოდენობაზე გათვლით.

„გაუდაბნოება ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე გავლენას ახდენს და ამ მშრალი პირობების გამო ზაფხულში სიცხის ტალღები ძლიერდება“, – აცხადებს კვლევის თანაავტორი, ბარსელონის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის პროფესორი ჯოან ბალესტერი.

გასულ ზაფხულს ევროპის ქვეყნებს ინტენსიურ ტყის ხანძრებსა და ძლიერ გვალვასთან გამკლავება უწევდათ. პორტუგალიაში ივლისში პიკური ტემპერატურა – 47°C დაფიქსირდა.

ექსტრემალურმა სიცხემ შესაძლოა სითბური ინსულტი ან გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. სიცხის წინაშე ყველაზე დაუცველები ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

წყარო: nostal.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა