თეგებით ძიება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას.

განცხადებაში ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.

"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით.

ქართული მხარე მიესალმება, ნატო-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.

შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

საქართველო მიესალმება ნატო-ს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში.

ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.

საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში.

საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში და როგორც ასპირანტი ქვეყანა უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს.

საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას", - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა