ვიტამინი შეიძლება გულის შეტევის რისკს ამცირებდეს - ახალი კვლევის შედეგები ცნობილია
ვიცით, რომ D ვიტამინი ორგანიზმისთვის კარგია, მაგრამ დიდი ხანია კამათის საგანია, აქვს თუ არა მას რაიმე სარგებელი საკვები დანამატის სახით კვების რაციონში შეტანისას. ამ საკითხზე ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, ასეთ საკვებ დანამატს გულის შეტევის რისკის შემცირება შეუძლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა D ვიტამინის მიღების შემთხვევაში ასეთი რისკის მხოლოდ მცირედით შემცირებაზე მიუთითებს, ნამდვილად სასარგებლო მიგნებაა მასა და ჯანმრთელობის სხვა ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირის გასარკვევად.
კვლევის ავტორის, ავსტრალიის ბერგჰოფერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ეპიდემიოლოგის, რეიჩელ ნილის განცხადებით, ეს მეორე უდიდესი კვლევაა, რომელმაც D ვიტამინის საკვები დანამატებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი შეისწავლა.
ჩათვალეთ, რომ მიზეზისა და ეფექტის თვალსაზრისით ეს კვლევა საბოლოო არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდია ზომით — შეისწავლეს 60-დან 84 წლამდე ასაკის 21 302 პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი სამუშაო შეიძლება ჩატარდეს ურთიერთობის უფრო დეტალური ანალიზისთვის.
„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის დანამატი შეიძლება ამცირებდეს გულ-სისხლძარღვთა დიდი შემთხვევების რისკს; დამცავი ეფექტი შეიძლება მათში უფრო მეტად იყოს გამოხატული, ვინც სტატინებს და გულის დაავადების სხვა პრეპარატებს იღებს. ეს ყველაფერი მიუთითებს ამ მიმართულებით შემდეგი კვლევების საჭიროებაზე“, — ამბობს ნილი.
კვლევის მონაწილეებს ხუთი წლის განმავლობაში ან D ვიტამინის დანამატს აძლევდნენ, ან პლაცების. D ვიტამინის ჯგუფში მყოფთა 80 პროცენტი დანამატებს ხუთი წლის შემდეგაც იღებდა.
D ვიტამინის ჯგუფში, მონაწილეთა ექვს პროცენტს გულ-სისხლძარღვთა მნიშვნელოვანი მოვლენა შეემთხვა, პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 6,6 პროცენტი იყო. კონკრეტულად გულის შეტევის თვალსაზრისით, D ვიტამინის ჯგუფში მაჩვენებელი 19 პროცენტით დაბალი იყო, მაგრამ არ დაფიქსირდა რაიმე სხვაობა ინსულტის მაჩვენებელში.
სტატისტიკამ D ვიტამინის დიდი სარგებლიანობა აჩვენა მათთვის, ვინც სტატინებს ან გულის ჯანმრთელობის პრეპარატების რაიმე სხვა ფორმას იღებდა ცდის დაწყებიდან; ეს კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა, რომლის შემდეგში კვლევა ნამდვილად ღირს.
„დაზუსტებით არ ვიცით, რატომ მოხდა ასე. შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ცდის დაწყებისას რისკი მაღალი იყო და შესაბამისად, გაუმჯობესებაც უფრო მეტად გამოიხატა“, — აღნიშნავს ნილი.
მკვლევრები ყველას კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაიწყონ D ვიტამინის მიღება გულის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებმა, რომლებსაც უკვე აქვთ დაავადებები.
ამასობაში, გრძელდება დებატები საკვებ დანამატთა შესახებ. თუ გსურთ, რომ D ვიტამინი უფრო ბუნებრივი გზით მიიღოთ, ამისათვის საჭიროა მზე და საკვები, მათ შორის, ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული.