ალკოჰოლური სასმელი დალიეს და იჩხუბეს - პროკურატურა სასტიკი მკვლელობის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროვებს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ. 2022 წლის 30 ოქტომბერს მათ სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარემ, სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.
ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.