თეგებით ძიება

მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ანდრია ჯაღმაიძე გამოკითხეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე გამოიკითხა.

გამოკითხვის შემდეგ ჯაღმაიძემ კომენტარიც გააკეთა.

„მუხლებში ვერ ვერკვევი, ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და მე ვარ გამოკითხული. ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა ჩვენ კერძოდ გვინდოდა, ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ანალიზის პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება სავარაუდოდ გერმანიაში ახალი ანალიზების გაგზავნა.

„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმიძემ.

გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე.

„სისუსტის პერიოდი როდესაც გრძელდება და გიწევს გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება, ერთ-ერთი ეტაპი არის ანალიზი. ეს შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა დროთა განმავლობაში გავიკეთოთ, ისედაც რეკომენდებულია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ არნიშნა, რომ საპატრიარქოს დამლაგებლის, რუსუდან მაისურაძის გარდაცვალებას მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას ახლა ვერ უკავშირებენ.

„ვერ ვუკავშირებთ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რამდენიმე კვირა სჭირდება საბოლოო ექსპერტიზას. გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა გამოძიებასთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ, არ ვიცი, ალბათ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. გამორიცხული არაფერია, თუმცა არც ამის საშუალება არ არის, რომ ახლა ვამტკიცოთ რომელიმე ვერსია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, შორენა თეთრუაშვილით თუ დაინტერესდა გამოძიება?, – ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს: „არა, მიკვირს, ვინ წამოჭრა ისევ ეს თემა. მაშინ სულ სხვა კონტექსტში იყო, ქალბატონი შორენა იყო დაზარალებული და ახლა ძალიან მიკვირს, რატომ სვამთ ამ შეკითხვას, სხვა ვიღაცაც ხომ შეიძლება, დაასახელოთ. არანაირი საფუძველი არ არის ამაში“.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ შიდა გავლენებისა და ძალების დაპირისპირების მიზეზზე უამრავ ვერსიას მოვუსმენთ თუმცა ეს დისონანსი ფუჭია და არაფერი სასარგებლო შედეგი არ მოაქვს.

„ჩვენ მოვისმენთ მრავალ ვერსიას, მრავალ ჭორს და სინამდვილეში, არასდროს არ იარსებებს ამისი რაღაც საფუძველი, ალბათ, ძნელია ამის თქმა. მედიასაშუალება არის, თუ ცალკეული ჟურნალისტები, შეიმჩნევა, თითქოს არის მცდელობა, შიგნით მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება და უნდობლობა, თვითონ იმ ახლო წრეში, რომელიც მეუფესთანაა დაკავშირებული. ტყუილი მცდელობაა. ვხედავთ ტენდენციას, რომ ვიღაცები ცდილობენ, შეიტანონ ეს დისონანსი, ფუჭია, არაფერი სასარგებლო შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე შიოს მდგომარეობასთან დაკავშირებით მაისიდან დაიწყო კვლევა და ამ ამბის გასაჯაროებით, კვლევის პროცესი დაზიანდა.

„მაისიდან დავიწყეთ კვლევა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ მოგვინდომებია ამ ამბის გარეთ გამოტანა. ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა, განზრახ, ნებსით, თუ უნებლიეთ, რეალურად ეს კვლევის პროცესი დააზიანა, რადგან სჯობდა დაკვირვება სხვაგვარად. მსგავსი ვერსია თუ განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზარალებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რომ მეუფე შიო ახლა თავს კარგად გრძნობს. „სრულიად შრომისუნარიანია და შეზღუდული არ არის მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დღეს ვნახეთ ეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა