„გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო...“ - ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე
არასამთავრობო ორგანიზაციის “იალქანი" ხელმძღვანელი ბათუმში, მამის მიერ 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.
“მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ საჯაროს სკოლიდან აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორნიგს ახორციელებდა. გოგონას რვა თვეა ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზურნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატიურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. ერთჯერადი გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც შევატყობინეთ შესაბამის სამსახურს. რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, რომ მასთან სტუმრად თუ მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება”, - აცხადებს თიკო აბაშიძე.