დარწმუნებული ვარ არ უძალადია, ჩხუბისგან სულ გოგოებს იცავდა - რას ამბობს, სავარაუდოდ, მამის მიერ გაუპატიურებული გოგოს ბებია შემზარავ ფაქტზე?
13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
მოზარდის ბებია უარყოფს გაუპატიურების ფაქტს, თუმცა არ უარყოფს, რომ მოზარდს მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან მამა ალკოჰოლდამოკიდებული იყო.
"დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ასეთი რამ. ჩხუბისგან სულ გოგოებს იცავდა, სულ ჩხუბობდა. წარმოიდგინეთ, თავის შვილს შეურაცხყოფას მიაყენებდა? მაგას და მამამისს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ეგ ვერ იტანდა მამამისი რომ სუნავდა აცეტონს და რაღაცას,“ - აცხადებს ბებია.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც პოლიციას მიმართა. 13 წლის გოგო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ის სამი წელი არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო და ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა, თუმცა სახელმწიფო სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა.