შემიძლია, ყოველ დილით დავურეკო და მადლობა გადავუხადო - ზელენსკი ბელ უოლესის პრეტენზიას პასუხობს
ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, რომელშიც ბენ უოლესმა უკრაინელებს ურჩია, მეტად მადლიერები იყვნენ სამხედრო მხარდაჭერისთვის.
„ჩემი აზრით, ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიყავით გაერთიანებული სამეფოსი, ყოველთვის ვიყავით მადლიერები პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის. მე უბრალოდ არ ვიცი, რას გულისხმობს მინისტრი, კიდევ როგორ უნდა გადავუხადოთ მადლობა. მომწეროს. შეგვიძლია, ყოველ დილით, გაღვიძებისს მადლობა ვუთხრათ პირადად მინისტრს. ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, ჩვენ მათი მადლიერები ვართ, შესაძლოა, მინისტრს რამე განსაკუთრებული სურს. მეჩვენება, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მადლიერები ვართ ხალხის. საბოლოო ჯამში, ხალხის მხარდაჭერა მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ნატოს სამიტზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის Amazon-ის სერვისი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისთვის და ოფიციალურ კიევს შეუძლია გონივრულად მოიქცეს, რათა მის მხარდამჭერებს მადლიერება დაანახოს.