რუსმა სამხედროებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს
დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით - 18 „კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე.
„თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა "Мста-Б" გაანადგურეს“, - იუწყება ოპერატიული მეთაურობის შტაბი.