გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელების თემა არის მოგონილი, ჭორი, ტყუილი - ლევან ხაბეიშვილი
„რუსული პარტია“ ქვეყნის გარუსებას როცა აპირებს, ამ პირობებში რაიმე თანამდებობაზე მსჯელობა სრული სიგიჟე და პოლიტიკური დანაშაულია- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილს გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.
„ასეთი თემა არის მოგონილი, ჭორი, ტყუილი. ვინმე რამეს რომ არ გამორიცხავს, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დასტურდება. ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. „რუსული პარტია“ ქვეყნის გარუსებას როცა აპირებს, ამ პირობებში რაიმე თანამდებობაზე მსჯელობა სრული სიგიჟე და პოლიტიკური დანაშაულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტული წესებია მიღებული და ეს წესები არ დაირღვევა. ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება არა რომელიმე კაბინეტში, არამედ ჩვენი ამომრჩევლების მიერ. პრემიერობის კანდიდატი იქნება თუ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ ელექტრონულად, ისევე, როგორც ირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ თავმჯდომარეებს და როგორც აირჩიეს პოლიტიკური საბჭო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.