ბავშვის სოფელში დასვენება სასარგებლოა? - პედიატრის რჩევები
პედიატრი, თამარ ობგაიძე აცხადებს, რომ ბავშვებისათვის სუფთა ჰაერზე დასვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"რას ველით, როცა ბავშვი კურორტზე, თუ სოფლად მიგვყავს? პირველ რიგში, ეს არის სუფთა ჰაერი, რაც დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, პრობლემურია.
ასევე, უსაფრთხო გარემო, კარგი საკვები, შეძლებისდაგვარად, სასუქებისა და პესტიციდების გარეშე და განვითარების ხელშეწყობა. ხშირად მშობლებს ახალშობილებზე აქვთ ხოლმე შეკითხვა, რამდენად შეიძლება წაყვანა. ასეთი აკრძალვა, რომ არ წავიყვანოთ, არ არის, თუმცა ახალშობილობის პირველ დღეებში, სანამ ადაპტაციის პერიოდს გაივლის, ჯობს, 1-2 კვირა მაინც იყოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა. ადრე გვასწავლიდნენ, რომ 21 დღე დასვენება იყო საჭირო - პირველი კვირა გარემოსთან ადაპტაციისათვის, ხოლო დარჩენილი 2 კვირა დასვენებისთვის. თუმცა, თანამედროვე ლიტერატურას რომ გადახედოთ, იქ ასეთი მიდგომები არ არის. რამდენიმე დღით მაინც რომ გაიყვანოთ ბავშვი დიდი ქალაქიდან სუფთა ჰაერზე, სადაც ბევრი ჟანგბადია, მნიშვნელოვანია. ბევრი ჟანგბადი კი ყველაზე მეტად მთიან ადგილებში, მთიან კურორტებზეა. მთავარია, სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გარემო იყოს - ამ პირობების გათვალისწინებით, ზღვაზეც შეიძლება წავიყვანოთ ბავშვი და მთაშიც", - აცხადებს პედიატრი.