გატიალებული მთვრალი ვიყავი... თუ მახსოვდეს იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე - ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვში სიმღერაზე
ხვიჩა მაღლაკელიძე ბოლო დროს მოსკოვში, მეგობრის, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე ჩასვლის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამის გამო, გარდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლანძღვისა, რამდენიმე უახლოესი მეგობრისგან საკმაოდ ცუდი პირადი შეტყობინებაც მიიღო.
როგორც თავად ამბობს, მან მეგობრობის ფასი იცის და დაპატიჟებაზე უარი არ უთქვამს. სკანდალის შესახებ ხვიჩა „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„მე ამ ადამიანმა, თავის დროზე, იმდენი გადამიხადა თავისი ადამიანობით და ჩემთვის ისეთი პატივი აქვს ნაცემი, მე თვითონ ავიღე ბილეთი, თავად „დავბრონე“ სასტუმრო, ჩემი ხარჯით წავედი და წამოვედი. რომ ამბობენ, ხვიჩამ სუფრასთან დაუკრა და იმღერაო, ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ არ დავუკრა და არ ვიმღერო. ხვიჩა რომ სუფრასთან ზის და არ დაუკრავს, ესე იგი, მკვდარია, გარდაიცვალა... ყველაზე მეტად მატკინა გული ორი ახლობელი, მეგობარი ადამიანის მონაწერმა პირადში. ძალიან გაბრაზებულმა მომწერეს ცუდი რაღაცები და დამბლოკეს. იმდენად არის ხალხი პოლიტიზებული და ამ დროს გარტყმაში არ არიან, არც კი იციან, რას წერენ.
ხშირად მაქვს ასეთი ვიზიტები, არა რუსთან, არა პუტინთან არამედ ჩემს ქართველებთან. სავარაუდოდ, სოსოს ფაქტორმა გამოიწვია ეს აგრესია, „სამშობლოს“ რომ მღეროდა. არადა, მე იმ დროს, გატიალებული მთვრალი, დინამიკთან ვიჯექი და ვქეიფობდი. დილიდან დავიწყე სულ სხვა „სასტავში“ ქეიფი და რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე (იცინის). ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა მოსკოვში, ავიღე ყურმილი და ისეთი გვარები ჩამომითვალა, ვუთხარი: ვაიმე, მართლა არ მახსოვს და თუ შენ მეუბნები, დაგიჯერებ-მეთქი“,- ამბობს ხვიჩა მაღლაკელიძე.