ინფორმაცია, რომ უცხოელმა მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი კვლევების ჩატარება მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება - ზურაბ ჩხაიძე
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოელმა მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ინსტრუმენტული, თუ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმების მიერ ერთადერთ პროცედურაზე გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა პაციენტს ადრე თავადაც შესთავაზეს, მაგრამ მაშინ მან ამ კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა.
„გუშინწინ ჩვენ შევხდით პოლონელ კოლეგებს, რომლებიც ვიზიტით ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ძალიან საგნობრივი იყო, ძალიან კოლეგიალური შეხვედრა შედგა. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, ისინი ავადმყოფობის ისტორიას გაეცნენ, ყველა კვლევა ნახეს, ასევე სრულად გაეცნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების შედეგებს დაეთანხმნენ. პოლონელი ექიმების მიერ რეკომენდებული იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც ჩვენ ადრე პაციენტისთვის შეთავაზებული გვქონდა და პაციენტმა მაშინ ამ კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა. სხვა ინფორმაცია, რომ ახალი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები დაინიშნა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და არ ვიცი, ვინ სწვდება მის ფანტაზიებს და საერთოდ ეს აზრები საიდან მოაქვს, მსგავსი საერთოდ არაფერი ყოფილა. ჩალაძეზე საუბარი ჩემგან ცოტა უხერხულია. ეს ადამიანი თავის დამკვიდრებას ცდილობს ეტყობა, ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს საამისოდ. გაკეთებული რაიმე საქმე ჩალაძის თქვენ გინახავთ?!
რაც შეეხება მედიკოსებს, ესენი არიან საკმაოდ აღიარებული სპეციალისტები თავიანთ ქვეყნებში. ერთი იყო ნეიროქირურგი და მეორე შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, რომელსაც, ასევე, ტოქსიკოლოგის სერტიფიკატი აქვს. სხვა სპეციალისტი არ ყოფილან და სხვა სპეციალისტის მიერ პაციენტი ნანახი არ ყოფილა“, - განაცხადა ჩხაიძემ.