თეგებით ძიება

,,სროლა დაგვიწყეს, კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ” - რა შეემთხვა ,,ქართული ხმების” წევრს?

 “ქართული ხმების” წევრი, კახა გრიგალაშვილი 90-იანები წლების თბილისს იხსენებს და „სარკესთან“ ჰყვება, რომ ის და მისი ორი მეგობარი თბილისის სამოქალაქო ომის დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

1991-92 წლების ზამთარი იყო, ომის პერიოდი. ბიჭები ერთ-ერთი სახლის სხვენზე ავედით და მოვლენებს იქიდან ვაკვირდებოდით. საკმაოდ პატარები, დაახლოებით 14 წლისანი ვიქნებოდით. სატვირთო მანქანამ ჩამოიარა, სადაც ოცამდე შეიარაღებული კაცი იჯდა. თუ არ ვცდები, ციხიდან “პოლიტპატიმრების” გასათავისუფლებლად მიდიოდნენ. სახურავზე სამნი ვისხედით. როგორც ჩანს, ამ მამაკაცებს სნაიპერები ვეგონეთ და სროლა დაგვიწყეს. კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ.

– როგორ მოახერხეთ მათგან თავის დაღწევა?

– ალბათ ბავშვური სისხარტით. ისიც დაგვეხმარა, რომ იქაურობას კარგად ვიცნობდით. როცა მივხვდით, რა გველოდა, გაქცევა დავაპირეთ და წამის მეასედებში სროლაც ატყდა. მადლობა უფალს, თავის დაღწევა შევძელით, თორემ დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.

აბსოლუტურად უდანაშაულო სამ ბავშვს ოცი კაცი გვესროდა. გაოცება, გაკვირვება, ყველაფერი ერთად დამეუფლა. შიშის გრძნობა მერე უფრო გამიჩნდა, როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე. ჩვენი მიმართულებით დაახლოებით 200-300 ტყვია წამოვიდა. მთელი შემართებით გვესროდნენ. შეეშინდათ, ეგონათ, რომ რაღაცას ვუპირებდით. კიდევ კარგი, მალევე ჩაიარეს. ახლა შარდენის ქუჩა რომ ამოდის, იქ მოხდა ეს ყველაფერი.

მას შემდეგ ვცდილობ, სახურავზე არ ავიდე. თუ ავდივარ, სულ ქვემოთ ვიყურები, ვიღაცას თვალში ცუდად რომ არ მოვხვდე.

– ეს ამბავი სახლში რომ მოყევით, რა გითხრეს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, მათთვის არ მითქვამს. შვილმა რომ მითხრას, ოცი კაცი მესროდაო, შეიძლება მეტი ვერც ვერაფერი მოვისმინო, მოვკვდე! სწორედ ამიტომ მოვერიდეთ, მშობლებისთვის გვეთქვა. ეს ამბავი დავუმალეთ.

წყარო: „სარკე“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა