თეგებით ძიება

ყველაფერი ბოტოქსის შესახებ - ჩვენებები, ეფექტები და უკუჩვენება

რა არის ბოტოქსი და რა ტიპის ნაოჭების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ბოტოქსის ინექციები?

ბოტოქსი - ეს არის გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის „A“ ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი, რომლის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო.

თავდაპირველად პრეპარატი ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა და მისი მთავარი თვისება კუნთების მოდუნება იყო. თუმცა მკურნალობის პროცესში გამოვლინდა პრეპარატის უნიკალური გვერდითი ეფექტი - პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩისა და შუბლის მიდამოებში ნაოჭების ალაგება.

რაღა თქმა უნდა, ამ უნიკალური თვისებით მალევე დაინტერესდნენ კოსმეტოლოგები და მომდევნო წლებში ბოტოქსის ინექციების გამოყენება კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაშიც პოპულარული გახდა.

ბოტოქსის ინექციები გამოიყენება სახის მიდამოში შემდეგი ტიპის ნაოჭების ასალაგებლად:

ვერტიკალური ნაოჭები - რომელიც ძირითადად განლაგებულია წარბებს შორის;

ჰორიზონტალური ნაოჭები - რომლებიც განლაგდება ხოლმე შუბლის მიდამოში;

ნაოჭები ზემო ტუჩის და ცხვირ-ტუჩის მიდამოში;

ნაოჭები თვალის გარშემო.

რა ასაკიდან შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება?

კოსმეტოლოგიური პრობლემების დროს შესაძლებელია ბოტოქსის გამოყენება 18 წლიდანაც, თუმცა ექიმები, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილია 30 წლის შემდეგ.

აქვე უნდა შევეხოთ ბოტოქსის უსაფრთხოების საკითხს - ზოგიერთის აზრით, ბოტოქსი წამლავს ორგანიზმს და არღვევს ნერვული სისტემის მუშაობას. მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბოტოქსი სამკურნალო პრეპარატია და მისი პირვანდელი გამოყენება სწორედ ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ხდებოდა.

გარდა ამისა, ბოტოქსის ინექციები არ იწვევს კუნთების ატროფიას და ნერვული რეცეპტორების ბლოკირება მხოლოდ განსაზღვრული დროით ხდება.

 

როგორ ხდება ბოტოქსის შეყვანა?

ბოტოქსის ინექციები წვრილი ნემსით კეთდება. კონკრეტული ზონიდან გამომდინარე, იგი კანქვეშ ან კუნთში შეჰყავთ. პროცედურა დაახლოებით 5 წუთი გრძელდება და მცირედი მტკივნეულობა ახლავს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მცირედი ტკივილისაც ეშინია, საინექციო ზონები ჯერ საანესთეზიო კრემით მუშავდება. კორექციის შემდეგ შესაძლოა, კუნთებში გაჩნდეს სიმძიმის შეგრძნება, რაც მცირეოდენ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ეს შეგრძნებაც მალევე ქრება.

 

როდის შეიმჩნევა ეფექტი და როგორია მისი ხანგრძლივობა?

პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ხედავს შედეგს, თუმცა მაქსიმალური ეფექტი, დაახლოებით, 2 კვირაში მიიღწევა და 6-9 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მდგრადი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად სასურველია, ყოველ 6 თვეში ერთხელ გამეორება.

 

აქვს თუ არა ბოტოქსის ინექციებს უკუჩვენება?

რამდენიმე ათეული წელია, ეს პრეპარატი მთელ მსოფლიოში წარმატებით გამოიყენება და მისი უვნებლობა საყოველთაოდ აღიარებულია.

ორგანიზმზე ბოტოქსის ინექციების ნეგატიური გავლენის საშიშროება მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, თუ პროცედურა არაპროფესიონალმა ექიმმა ჩაატარა, გახსოვდეთ, რომ ბოტოქსის ინექციების ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ კვალიფიცირებულ ექიმს.

ყველაზე გახშირებული პრობლემა არაპროფესიონალთან მოხვედრის შემდეგ ე.წ. გაშეშებული სახეა. ამის მიზეზი მხოლოდ დოზის არასწორი გამოთვლაა, ანუ როცა კანქვეშ ბოტოქსის იმაზე მეტი რაოდენობა შეჰყავთ, ვიდრე საჭიროა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, კუნთები იმდენად მოდუნდეს, რომ ადამიანმა ელემენტარული გაღიმებაც კი ვეღარ შეძლოს.

ბოტოქსის ინექციებს შესაძლოა, ახლდეს ისეთი უმნიშვნელო გართულებები, როგორიცაა კანის გაწითლება ან გალურჯება. როგორც წესი, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება. შედარებით ხანგრძლივი სიმპტომებია: სახის ასიმეტრია, რაც გამოწვეულია ბოტოქსის არათანაბარი განაწილებით, ფტოზი, ანუ ზედა ქუთუთოს ჩამოწევა, მიმიკური კუნთების დროებითი პარალიზება, რაც გამოწვეულია ტოქსინის დიდი დოზით. თუმცა, თუ პროცედურას პროფესიონალი ატარებს, ყველა შესაძლო გართულება აცილებული იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა