ოპოზიციის ლიდერები უზნეო დემაგოგიას მიმართავენ - გია ვოლსკი
სახელმწიფოს ინტერესებიდან როცა გამოდიხარ, შეგიძლია, ოპონენტს ნებისმიერ თემაზე დაუპირისპირდე, მაგრამ როცა ლაპარაკობ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია, ეს უზნეო საქციელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, როცა ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ქვეყანაში სტაბილურობას განაპირობებს, მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები უზნეო დემაგოგიას მიმართავენ.
„რუსული თემა იმ ადამიანებმა მოიგონეს, რომლებმაც ტერიტორიების დიდი ნაწილი და სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს. ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესები პრივალირებული ყოფილიყო. ქვეყანა გაყიდეს და დღეს აქეთ აყენებენ პრეტენზიებს რუსული თემის ექსპლუატაციით. უზნეო შემოტევას ახორციელებენ და ხელისუფლებას ოკუპანტის მოკავშირეობას აბრალებენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არ არის, ხელისუფლება ამას ხელს არ უწყობს. ხელისუფლება იცავს სახელმწიფო ინტერესებს და თავისი პოლიტიკით სტაბილურობას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, როცა ასეთი რეალობა დგება, ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები უზნეო დემაგოგიას მიმართავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.