13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ ჟურნალისტს სახისა და თავის არეში ხელი დაარტყა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ ფორმულას ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე იძალადა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა. მას ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს და ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
მომხდარზე საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფორმულას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს - პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
12 ივლისს ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივლისს შეეფარდა.