„ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით...ავიცილოთ თავიდან უბედურება" - ზურაბ სიხარულიძის გაფრთხილება
ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე საზოგადოებას ახალი ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ზურაბ სიხარულიძე ამბობს, მას "ზომბ ნარკოტიკს" ან "ტრანკს" ეძახიან. ის არის ე.წ. ქსილაზინი ანალგეტიკური-მიორლაქსაციური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად.
"იცით, რომ არ ვწერ ხშირად, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების წერა, ვინიდან სულ ახალ-ახალი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს, ეს ყველაფერი აქტიურდება სეზონის მოსვლასთან ერთად - განსაკუთრებით, აჭარაში.
ეს ეყრდნობა ჩემს პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე, მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.
ერთი დაკარგული სიცოცხლეც და ერთი ზედოზირებაც არის დიდი ტრაგედია. ამიტომ თავს ვთვლი ვალდებულად, რომ დავწერო იმ საშიშროებაზე, რაც ხდება დღევანდელ დღეს, რომ ავიცილოთ თავიდან უბედურება.
ჩემი პოსტი არის ახალ ნარკოტიკიზე, რომელიც დღეს ამერიკასა და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშროებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას "ზომბ ნარკოტიკს" ან "ტრანკს" ეძახიან. ეს არის ე.წ. ქსილაზინი ანალგეტიკური-მიორლაქსაციური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების სიაში არის და მისი გამოყენება აკრძალულია და არ არის თავისუფალ გაყიდვაში. თუ არის, მაშინ უნდა მოხდეს სასწრაფოდ მისი ამოღება!
სამწუხაროდ, დღეს მას იყენებენ "ფენტანილთან" კომბინაციაში და ის წარმოადგენს დიდი საშიშროებას, ვინაიდან "ფენტანილი" ერთი მხრივ უკვე წარმოადგენს ზედოზირების დიდ რისკს და დამატებული "ქსილაზინი" აძლიერებს ასმაგად "ფენტანილის" მოქმედებას. იწვევს გულის რითმის დარღვევას, ქანის ოქსიგენაციის შემცირებას, სუნთქვის რიტმის დარღვევას, ინიექციის ადგილას ჩნდება დიდი წყლულები და შემდგომ შესაძლებელია განგრენა და კიდურის დაკარგვაც მოჰყვეს.
ასევე მას ხშირად ურევენ სხვა კლუბურ ნარკოტიკსაც, რაც იყიდება "დარკნეტზე" მათი ეფექტების გასაძლიერებლად. ის, რომ "დარკნეტი" დღეს ძალიან გააქტიურებულია, ქვემოთ ერთ "ტელგრამ-არხიდან" მოცემული "სქრინი" მეტყველებს!
ამიტომ მოერიდეთ უცნობი ნივთიერების ყიდვას! გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს და თქვენი ახლობლების. ეს განსაკუთრებულად თინეიჯერებს ეხებათ, ვინაიდან ყველაზე დიდი რისკი ზედოზირების მათ აქვთ. ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით", - წერს სიხარულიძე.