თურქეთი უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემას ამკაცრებს
თურქეთი 1-ლი ივლისიდან ქვეყნის რეგიონებში უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გასაცემ კვოტას შეამცირებს, რაც თითოეული რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 20% იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს.
მინისტრის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, კონკრეტულ რაიონებში უცხოელების გადაჭარბებული კონცენტრაცია არ მოხდეს.კვოტის გამკაცრების შემდეგ ქვეყნის 1200-მდე რეგიონი დოკუმენტების გაცემას შეწყვეტს.
Bloomberg-ის მონაცემებით, ამჟამად თურქეთი მსოფლიოში ლტოლვილთა უდიდეს ნაკადს მასპინძლობს, რომელიც ძირითადად სირიიდან გადასულ, დაახლოებით, 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს. სააგენტო წერს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და მაღალი ინფლაციის ფონზე ლტოლვილების არსებობით თურქი მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომელსაც სამუშაო ადგილებისთვის ისედაც უცხოელ მუშახელთან უწევს კონკურენცია. ამასთან, ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ქვეყანაში 2023 წელს უნდა ჩატარდეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინაე წლის 9 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანამ 1,42 მილიონზე მეტი ბინადრობის ნებართვა გასცა. მაისის შუა რიცხვებში თურქეთმა უძრავ ქონებაში ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 60%-ით, ანუ 250 000-დან 400 000 დოლარამდე გაზარდა, რაც მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო. ცვლილებები ძალაში დღეიდან, 13 ივნისიდან შედის.
Bloomberg-ის ცნობით, თურქეთის ხელისუფლების მიგრაციის პოლიტიკას ოპოზიცია უძრავი ქონების ფასების მკვეთრი ზრდის გამო აკრიტიკებს. სააგენტო წერს, რომ თურქეთში საცხოვრებლის ღირებულება 11 წელზე მეტი პერიოდის უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა.