თეგებით ძიება

„ღმერთის მაინც არ გეშინიათ?“ - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 7 ივლისს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის (შემდგომში ცენტრის) ფეისბუქ გვერდზე განვათავსეთ პოსტი, სადაც აღვნიშნეთ, რომ ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსში, რომელსაც შენობის მფლობელის შპს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობამ გამიზნულად გადახადა სახურავი, ა.წ. 4 ივლისს ძლიერი წვიმის დროს ჩამოვიდა დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, ჩამოინგრა კონსტრუქციები, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და თანაშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს მოხდა ღამით, არასამუშაო საათებში.

სამწუხაროდ ცალკეულმა ანგაჟირებულმა და ჩასაფრებულმა პირებმა, აგრეთვე მათმა „ტროლებმა“ და „ბოტებმა“ (ადვილად მისახვედრია, თუ ვისმა) და უბრალოდ ღვარძლიანმა ადამიანებმა დაწერეს კომენტარები, სადაც თანაგრძნობის ნაცვლად გამოხატეს დიდი კმაყოფილება მომხდარით?! უფრო მეტიც - უაპელაციოდ განაცხადეს, რომ რაც მოხდა, ჩვენ გვაწყობდა?! და ალბათ ჩვენი მოწყობილია?! რადგან საშუალება გვქონოდა ჩამოგვეწერა მოპარული მილიონები??!! ზოგიერთმა იმაზეც კი გამოხატა გულდაწყვეტა რომ ჩვენი თანამშრომლები ცოცხლები გადარჩნენ და არ გაიზიარეს იმათ ბედი, ვინც ჩვენს „კლინიკაში ჩავხოცეთ“?! ზედმეტია იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი იმდენად დიდი ტყუილია, რომ საღ აზრს ეწინააღმდეგება და მხოლოდ ავადმყოფი ადამიანის თავში შეიძლება მოიხარშოს. ეს ყველაფერი მათ იმიტომ დასჭირდათ, რომ ჯერ ერთი უჩვენონ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდად არის და დასტრესონ საზოგადოება, ხოლო მეორე მხრივ პასუხისმგებლობა ააცილონ იმათ (შპს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობას), ვინც მომხდარზე რეალურად პასუხისმგებელია.

საბედნიეროდ ეს მხოლოდ ერთი მუჭა ე.წ. „კლავიატურის ლომების“ ნახელავია და არა მგონია, რომ ქვეყანაში მოიძებნოს თუნდაც ერთი ნორმალური ადამიანი, რომელიც ამას დაიჯერებს ან გაიზიარებს. რა თქმა უნდა, რომ ეს თვითონ ამის დამწერებასც კი არ სჯერათ. მაგრამ ისინი უბრალოდ ბოღმას ანთხევენ და/ან დაკვეთას ასრულებენ. საბედნიეროდ რეალურ ცხოვრებაში პირადად მე არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ასეთი ავადმყოფური აზრები გამოეთქვას. მართლა ძალიან მაინტერესებს რამდენად დეგრადირებული უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ახარებს ქვეყანაში იმ სამედიცინო დაწესებულების თავზე მომხდარი უბედურება, რომელსაც ათასობით ავადმყოფი ჰყავს გადარჩენილი და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის. უფრო მეტიც - იმაზე წუხან, რომ ცენტრის თანამშრომლები ცოცხალი გადარჩნენ და არ დაიხრჩვნენ.

ჩვენ ჩვეულებრივ არ ვპასუხობთ ასეთ პოსტებს, მაგრამ ამჟამად საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეკეთებინა აუცილებელი განმარტებები, რადგან ხომ შეიძლება არსებობდნენ საქმეში ჩაუხედავი ადამიანები, თუნდაც ერთეულები, რომლებმაც რაღაც მართლა შეიძლება დაიჯერონ.

რეალობა კი ასეთია:

1. 2009 წლისთვის ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამედიცინო დაწესებულება იყო ქვეყანაში და სწორედ ამ წელს მიიღო მან მედიცინაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის ჯანმო-ს უმაღლესი ჯილდო Dr. Lee Jong Wook-ის პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი, რომლის მსგავსიც დღემდე არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ სამედიცინო დაწესებულებას და მაინც და მაინც იმ წელს შპს „ავერსი ფარმამ“ დანაშაულებრივი გზით, რეიდერული მეთოდების გამოყენებით მაშინდელ ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებით, შემდგომში კი პირველი ინსტანციის და სააპელაციოს მოსამართლეებთან გარიგების გზით „ჩალის ფასად“ მიითვისა ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რის გამოც წლების მანძილზე საქმიანობა გვიხდება უკიდურესად მძიმე, კაბალურ და პერსონალის და ავადმყოფების ღირსების შემლახველ და შეურაცხმყოფელ პირობებში  - ასე ვთქვათ „ჯაყოს ხიზნების“ როლში და თან იძულებული ვართ დიდი თანხა ვუხადოთ „ავერსს“ იჯარაში. სწორედ შპს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობამ გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა ცენტრის თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს და მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახდეს.

2. ცენტრი უკიდურესად მძიმე პირობებში საქმიანობის მიუხედავად პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმისა და თავგანწირვის ფასად ახერხებს ჰქონდეს ავადმყოფთა გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, კერძოდ: საქართველოში აივ/შიდსით ავადმყოფების ლეტალობა 2.5-ჯერ დაბალია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ დაბალია, ვიდრე აშშ-ში; უშუალოდ ცენტრში ჰოსპიტალიზებული COVID-ით ავადმყოფებში ლეტალობა (1.4%) ყველაზე დაბალია ქვეყანაში და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიოს კლინიკებს შორის; ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში დაავადებების რიცხვს და მისგან გამოწვეული ლეტალობა მსოფლიოში 10%-დან 40%-მდეა. 2022 წელს ჩვენს ცენტრში ჰოსპიტალიზებული იყო ყირიმ-კონგოს ცხელებით 39 ავადმყოფი და ყველა გადარჩა. ხოლო მიმდინარე წელს - 21 ჰოსპიტალიზებული ავადმყოფიდან მხოლოდ 1 გარდაიცვალა (4,8%). შესადარებლად ამავე პერიოდში (2022-2023 წწ) ქვეყნის სხვა კლინიკებში ჰოსპიტალიზებული 8 ავადმყოფიდან 3 გარდაიცვალა (37,5%) და ა.შ.

3. ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელია, რომელი პროგრამითაც უკვე განკურნებულია 80 ათასზე მეტი ავადმყოფი. არცერთ ცალკე აღებულ ჯანდაცვით პროგრამას ქვეყანაში ამდენი ავადმყოფის სიცოცხლე არ გადაურჩენია.

ცენტრმა ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალით.

ცენტრმა ქვეყნის COVID კლინიკების და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების გმირ ექიმებთან ერთად ავადმყოფების პროაქტიური მკურნალობით და მკურნალების უახლესი მეთოდების გამოყენებით გადაარჩინა ათეულ ათასობით COVID-ით ავადმყოფი. COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ყველზე ობიექტური და ფაქტიურად ერთადერთი  კრიტერიუმი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის სიკვდილობის პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს (0,9%) მსოფლიოს 113 ქვეყანაზე უფრო დაბალი აქვს.

საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილიდან COVID გადააქცია ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც იმას ნიშნავდა, რომ COVID პრაქტიკულად ვეღარ ახდენდა ნეგატიურ გავლნას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ანალოგიური მიღწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ერთ წლის შემდეგ - 2023 წლის მაისიდან.

4. რაც შეეხება „მოპარულ მილიონებს“ მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ჩვენი ცენტრი ქვეყანაში ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული დაწესებულებაა და არათუ მილიონების, ერთი თეთრის გადაცდენაც კი არასდროს გვქონია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წესრიგშია.  რაც შემეხება პირადად მე, ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს მინიმალური ანაზღაურებაც კი არ მიმიღია და ამას ათასობით ავადმყოფი დაადასტურებს.

ცოდვის კითხვა არ არის, რომ ქვეყნის მოსახლეობის და პენსიონერების სიდუხჭირეზე გამდიდრებული  სისხლის მწოველი „წამლის ბარიგას“  დაკვეთით ვიღაცები ჩვენს მიერ „მოპარულ მილიონებზე“??!! და „ჩახოცილ ადამიანებზე“??!! ლაპარაკობენ და თან იმაზე წუხან, რომ ჩვენი თანამშრომლები შენობაში ჭერის ჩამონგრევას და დატბორვას არ ემსხვერპლენ. ღმერთის მაინც არ გეშინიათ?

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს დღევანდელ პოსტს იგივე ჩასაფრებული და ანგაჟირებული ადამიანებისგან და მათი „ტროლებისგან“ კიდევ არაერთი ღვარძლიანი და ცილისმწამებლური გამოხმაურებები მოყვება, მაგრამ საბედნიეროდ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვიმეორებ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ყველაფერი შესანიშნავად იცის და მათ ნათქვამ ერთ სიტყვასაც არ დაიჯერებს. ყველამ იცის ვინ არის და რას საქმიანობს ბატონი პაატა კურტანიძე და ვინ ვართ და რას ვსაქმიანობთ ჩვენ“, - წერია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა