თეგებით ძიება

„ამ პროექტს ბათუმის უბეზე და მთლიანად ქალაქზე კატასტროფული გავლენა ექნება“ - არჩილ გუჩმანიძე

გარემოს დაცვის ექსპერტი, იქთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით Tia.ge-სთან საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროექტს ბათუმის უბეზე და მთლიანად ქალაქზე კატასტროფული გავლენა ექნება.

„როგორც უწერიათ და გეგმავენ, ისე რომ წარიმართოს, ისიც კი პრობლემას შექმნის და თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, კიდევ უარესი  იქნება. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პროექტს ბათუმის უბეზე და მთლიანად ქალაქზე კატასტროფული გავლენა ექნება“, - ამბობს გუჩმანიძე. 

მისი თქმით, პროექტი ყოველგვარი გათვლებისა და კომპეტენტური კვლევების გარეშე კეთდება და ქალაქის ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ ინტერესებს არ გამოხატავს.

„დავიწყოთ იმით, რომ პროექტი ყოველგვარი გათვლებისა და კომპეტენტური კვლევების გარეშე კეთდება, ძალიან ტენდენციურია, ქალაქის ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ ინტერესს არ გამოხატავს და ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს...

პროექტის ფართობია 144,3 ჰექტარი, ხოლო პროექტის გავლენის არეალი რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია. როდესაც ასეთი მასშტაბის პროექტი კეთდება, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გავლენას იქონიებს ის გარემოზე, იმიტომ, რომ დოკუმენტს გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება ჰქვია და აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გარემოს კომპონენტების შეფასება და ანალიზია. თუ დოკუმენტს წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ მასში მთლიანად იგნორირებულია სეზონურობის პრინციპი. ძირითადი საკითხები შესრულებულია ერთჯერადად  - 2022 წლის მაისის თვეში. როდესაც ზღვაზე და ასეთ მასშტაბურ პროექტზე ვსაუბრობთ, სეზონურობის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ზღვას მკვეთრად გამოხატული სეზონურობა გააჩნია. პროექტის ავტორებმა ოთხივე სეზონის კვლევა უნდა წარმოადგინონ და დასკვნები ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს. ისეთმა არასრულყოფილმა კვლევებმა, როგორიც დღეს გვაქვს, შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და რაღაც სხვა მიმარულებით წაიყვანოს. “, - აცხადებს გუჩმანიძე და დასძენს, რომ კუნძულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ოფიციალურად გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გაუგზავნა. 

„ჩემი მოსაზრებები სოციალურ ქსელშიც დავწერე და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური წერილიც გავუგზავნე. კანონი ავალდებულებთ, რომ შენიშვნები გაითვალისწინონ და მე ამ შენიშვნებზე ამომწურავი პასუხი მომწერონ. მეხუთე თაობის ბათუმელი ვარ, ჩემი ოჯახი ამ ქალაქში მე-19 საუკუნის ბოლოდან ცხოვრობს. ჩემთვის ეს ქალაქი საცხოვრებელ ადგილზე მეტია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მავნებლობა არ განხორციელდეს“, - ამბობს ექსპერტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა