საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა ფულს იხდიდა - თეა წულუკიანი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრობს.
"გავიგეთ, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, მის ხალხს, მის მთავრობას აკრიტიკებს, ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი. ასევე, გავიგეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ფულია გადახდილი. ასევე, თურმე სოციალურ ქსელებში, რომელიც ახალი ტიპის თანამედროვე დროის ასევე, ტრადიციულ მედიაში სტატიები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და სააკაშვილის სასარგებლოდ არის დაწერილი, ესეც ნაყიდი ყოფილა. და, რაც ასევე ძალიან შემაწუხებელია და არის დიდი სკანდალი, დადასტურდა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა იხდიდა ფულს. ეს არის მათი სახე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა "ვივამედში" ბინადრობს, პრეზიდენტობისასაც და პრეზიდენტობის შემდეგაც, უარი თქვა საკუთარ სამშობლოზე, მუშაობდა და მუშაობს ქართველი ხალხისა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ის ამაში ფულის გადახდასაც არ ერიდება. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მასშტაბის სკანდალი და ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებებს, ვინაიდან, ეს ყველაფერი არ არის ერთი კონკრეტული პარტიის და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები," - აცხადებს თეა წულუკიანი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.