რუსეთის დახმარების გამო, აშშ ყირგიზეთისთვის სანქციებს ამზადებს - Washington Post
გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკა ყირგიზეთისთვის სანქციებს ამზადებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყირგიზეთი დიდი ხანია რუსეთს დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.
WP-ს ცნობით, ცენტრალურ აზიაში საიდუმლო "ხვრელია", საიდანაც ყირგიზეთი რუსეთს აკრძალულ დრონებსა და ელექტრონულ ხელსაწყოებს აწვდის.
მათივე ცნობით, ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან ყირგიზეთის როლით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. როგორც ისინი ამბობენ, ყირგიზეთი იქცა იმ ბიზნესმენების სახლად, რომლებიც რუსეთის აკრძალულ აზიურ და დასავლურ პროდუქტს აწვდიან.
სტატიის მიხედვით, ყირგიზეთის დედაქალაქში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების რამდენიმეთვიანი უშედეგო ვიზიტების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციებზე დაიწყო მუშაობა, რათა ბიშკეკმა რუსეთთან ვაჭრობა გაწყვიტოს.
როგორც ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი გამოცემასთან ანონიმურად ამბობს, სანქციები შეიძლება მიმდინარე კვირასაც კი ამოქმედდეს.
"ყირგიზეთი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით პატარაა, ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორც შექმნა სანქციების თავიდან არიდებისთვის შესანიშნავი გარემო", - ამბობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
როგორც გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, 2022 წელს ყირგიზეთის მიერ რუსეთში ექსპორტი, ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელთა შედარებით, 250 პროცენტით გაიზარდა.