თეგებით ძიება
20. 07. 2023 მსოფლიო

გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა - BBC

რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლისა და მოსკოვის ოფიციალური განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც კრემლი უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს განიხილავს როგორც პოტენციურ სამხედრო სამიზნეს, გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 19 ივლისს გაკეთდა.

"2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი. ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ასეთი გემები გადაადგილდებიან, განიხილებიან როგორც უკრაინის კონფლიქტში ჩართული მონაწილეები, კიევის რეჟიმის მხარეს", - განაცხადეს რუსეთის თავდაცვაში. 

ამავე დღეს, წინა დღესთან შედარებით, ხორბლის ფასები ევროპის საფონდო ბირჟაზე 8,2%-ით, 253,75 ევრომდე გაიზარდა, ხოლო სიმინდის ფასზე 5,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ფასები გაიზარდა ამერიკულ ბირჟაზეც, სადაც ზრდამ 8,5% შეადგინა. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარცვლეულის შეთანხმებისგან გასვლიდან რამდენიმე საათში, 18 ივლისს, რუსეთმა უკრაინის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, ოდესაში, მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურდა 60,000 ტონა მარცვლეული და დაზიანდა მისი ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა