30 თინეიჯერიდან 19-ს ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა - თამარ ჯაფარიძე საქართველოში ჩატარებულ კვლევაზე
„2021-22 წლებში საქართველოში დიდი კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც 30 თინეიჯერიდან 17 ბიჭს და 2 გოგონას ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა“, - ამის შესახებ Tia.ge-სთან ინტერვიუში ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“ ლიდერმა, თამარ ჯაფარიძემ ისაუბრა.
„2021-22 წლებში საქართველოში დიდი კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც 30 თინეიჯერიდან 17 ბიჭს და 2 გოგონას ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა. ნარკოდამოკიდებულება უამრავ ახალგაზრდას იწირავს და სახელმწიფო გარედან დამკვირვებლის პოზიციაშია. უნდა გავიგოთ, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სახელმწიფო სუბსიდირება სჭირდებათ, რადგან ამ დარგის სპეციალისტების მომსახურება ძალიან ძვირია, ამ ადამიანებს კი არავითარი რესურსი აღარ გააჩნიათ. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ჯანდაცვის სექტორში შესული თანხის თუნდაც 5% დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციას მოხმარდეს.
იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთ დამოკიდებულებაშია. როგორც წესი, თამაშდამოკიდებულება იწვევს ნარკოდამოკიდებულებას და ნარკოდამოკიდებულება - თამაშდამოკიდებულებას ან იშვიათ შემთხვევაში, ალკოჰოლდამოკიდებულებას. დამოკიდებული ადამიანი საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობს და სხვა დამოკიდებულებაში ეფლობა“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.