თეგებით ძიება

„ჩვენს თავზე ბომბები არ ცვივა, მაგრამ უმძიმესი სოციალური ფონის გამო, ყოველ დღე 5-6 ახალგაზრდა გვეღუპება, ეს მშვიდობაა?!..“ - თამარ ჯაფარიძე

„სახელმწიფოს ვუბნებით, რომ იმოქმედოს! ხომ მივიღეთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონი? რატომ არ სრულდება?“ - ამის შესახებ Tia.ge-სთან ინტერვიუში ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“ ლიდერმა, თამარ ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში დარღვეულია  აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სარეკლამო ბანერის ზომები.

„სახმელეთო სამორინეებს, სლოტ-კლუბებს, ტოტალიზატორებს 10 კვადრატულ მეტრზე დიდი სარეკლამო ბანერის განთავსების უფლება არ აქვთ, მაგრამ რეალურად, გაცილებით დიდი ზომის ბანერებს ვხედავთ. „შანგრილას“-თან კანონი დარღვეულია, პეკინზე, „ლუმნაბეტთან“ კანონი დარღვეულია, „კრისტალბეტთან“, „აჭარასთან“ დარღვეულია, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?..“ - ამბობს ჯაფარიძე და დასძენს, რომ აღნიშნული კანონდარღვევების შესახებ სახელმწიფო უწყებებსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. 

„დედაქალაქის მერიას წერილით მივმართეთ და პასუხად მივიღეთ, რომ არქიტექტურის სამსახურს ეს ბანერები ქალაქის იერსახის დამახინჯებად არ მიაჩნია, რაც თვალებში ნაცრის შეყრაა. გასულ კვირას, ჩვენმა ორგანიზაციამ რეგიონული პოლიტიკისა და მუნიციპალური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ კახი კახიშვილს წერილით მიმართა, სადაც ეს დარღვევევები ჩამოვთვალეთ და ბატონი კახის რეაგირება ვთხოვეთ. 10 დღეში მისგან ველოდებით პასუხს და შემდეგ იძულებული გახდებით კანონის აღსრულების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გავმართოთ. კახიშვილის გარდა, ღარიბაშვილსაც მივწერეთ, პეტიციაც შევავსეთ, მაგრამ პასუხად არაფერია. სათამაშო ბიზნესმა ლომბარდებისა და მიკროსაფინანსოების წყალობით ეროვნული ბანკიც გასვარა. ახლა ოქროს ბირჟაზეც დასვეს ადამიანები, რომლებიც მოთამაშეებისგან ძვირფას ნივთებს პროცენტში იბარებენ და მერე მისი ოჯახის წევრები პროცენტს იხდიან. წარმოიდგინეთ რა ქაოსში ვართ. სათამაშო ბიზნესი ხსნის კრიმინალისკენ გზას. ბატონ პრემიერს მივმართავ - ბატონო ირაკლი, თქვენს მიერ მოწონებული და მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის 1 მარტს მიიღო, სათამაშო ბიზნესმა მიწასთან გაასწორა. თქვენი პარლამენტარები, თქვენი მუნიციპალური სამსახურები და საჯარო მოხელეები ამ ბიზნესს ფართოდ ლობირებენ და გთხოვთ ამას ყურადღება მიაქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებისგან უმწვავეს რეაქციას მიიღებთ. დიახ, ჩვენს თავზე ბომბები არ ცვივა, მაგრამ უმძიმესი სოციალური ფონია და ყოველ დღე 5-6 ახალგაზრდა გვეღუპება. გასული წლის სტატისტიკა რომ ნახოთ, მარტო ოქტომბრის თვეში დამოკიდებულების გამო, შვიდი სუიციდის ფაქტი მოხდა და მითხარით, ბომბები თუ არ ცვივა, მშვიდობა გვაქვს?.. იმოქმედეთ, რომ შეწყდეს ახალგაზრდების სიკვდილიანობა! ასე გაგრძელება არ შეიძლება!“ - თქვა ჯაფარიძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა