თეგებით ძიება

დაგროვებით საპენსიო სქემაში ცვლილებები შედის - დეტალები

2023 წლის 6 აგვისტოდან ცვლილებები შედის დაგროვებით საპენსიო სქემაში და საინვესტიციო პორტფელის შერჩევა რისკიანობიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგიმ ჭიჭინაძემ განაცხადა.

„საპენსიო სქემის მონაწილეებს, 5 წლისთავზე, უკვე შეეძლებათ, რომ თავისი სურვილისამებრ აირჩიონ საინვესტიციო პორტფელი რისკიანობიდან გამომდინარე. კანონის მიხედვით, მოხდება მონაწილეების ასაკობრივი გადანაწილება. კერძოდ, 40 წლამდე მონაწილეები მოხვდებიან მზარდ პორტფელში, რომელიც მაღალრისკიანია.

50 წლამდე მოქალაქეები საშუალო რისკის, ე.წ. შერეულ პორტფელში, ხოლო 50-დან 60 წლამდე მოქალაქეები დაბალრისკიან, სტაბილურ პორტფელში გადანაწილდებიან.

6 აგვისტოდან მონაწილეებს შეეძლებათ ასაკოვანი ზღვრის მიუხედავად სურვილისამებრ აირჩიონ პორტფელი და მათი კომბინაციაც მოახდინონ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საპენსიო სქემის მონაწილეებს იუსტიციის სახლებში ან საპენსიო სააგენტოს ოფისში შეეძლებათ.

მოგვიანებით გავრცელდება შესაბამისი ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროცედურები, რის გავლაც მონაწილეებს მოუწევთ.

ცნობისთვის,2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 420 ათასია. სააგენტოს ცნობით, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4.118-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 11 684 674.97 ლარს შეადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა