მსახიობი ავთო მახარაძე 80 წლის გახდა
მსახიობი ავთანდილ მახარაძე 80 წლის გახდა.
ავთო მახარაძე დაიბადა ბათუმში 1943 წელს. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში.
მახარაძის თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია აბიბო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ბორის გოდუნოვი (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), გლოსტერი (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა.
კინოში ავთანდილ მახარაძე მაყურებელს ახსოვს თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ აბელ და ვარლამ არავიძეების ბრწყინვალედ განსახიერებული როლებით. ამ ნამუშევრისთვის მას მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო „ვერცხლის ჰიუგო“ და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987) და პრემია „ნიკა“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987, რუსეთი).
მახარაძე ასევე გადაღებულია ისეთ კინოფილმებში, როგორიცაა რეზო ჩხეიძის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, რამაზ ხოტივარის „ლაზარეს თავგადასავალი“, ვაგიფ მუსტაფაევის „გარეშე“ და „ნაციონალური ბომბი“ (Milli bomba), გიორგი ფარაჯანოვის „ყველა წავიდა“ და სხვ.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „გარეშე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა „ოქროს არწივი“ (1993).
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ავთანდილ მახარაძემ შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“ (Archangel), სადაც მასთან ერთად ითამაშა მსახიობმა დენიელ კრეიგმა.
ავთო მახარაძემ ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ანა ურუშაძის ახალ მხატვრულ ფილმში – “საშიში დედა”.