„ერთ დღესაც საკუთარ სამშობლოში ემიგრანტად აღმოვჩნდი და ღრუზინებმა მთლიანად გამანადგურეს...“ - რას წერს ზაზა კორინთელი?
მუსიკოსი, ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამერიკაში ბევრად უფრო შემოქმედებითად აქტიური ქართველია, ვიდრე საქართველოში.
„ჩემო ძვირფასებო, მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრების განმავლობაში მიმაჩნია, რომ ვემსახურები ქართულ სულს და იდეას. ასევე ვთვლი, რომ არც დაუზარელი ბრძოლა და შრომა დამიკლია ამისთვის არასოდეს.
ახლაც, როცა უკვე დიდი ხანია ფიზიკურად არ ვიმყოფები სამშობლოში, ჩემი წილი საქართველო ყოველთვის სულთან ახლოს მყავს და მეტსაც გეტყვით, უკეთესი, უფრო წარმატებული და შემოქმედებითად აქტიური ქართველი ვარ დღეს და აქ, ამერიკაში, ვიდრე მანდ, როცა ერთ დღესაც საკუთარ სამშობლოში ემიგრანტად აღმოვჩნდი და ღრუზინებმა მთლიანად გამანადგურეს მორალურად, შემოქმედებითად, სულიერად თუ მატერიალურად…
მადლობა ღმერთს და ამერიკას, რომ ფიზიკურად ცოცხალი დავრჩი, ისევ თავიდან დავიბადე, უფრო გავჯანმრთელდი და ისევ მომეცა ბონუსად დარჩენილი რესურსი სიცოცხლის სიხარულისთვის…
ჩვენ ყველას ჩვენი წილი ბედი და მისია გვაქვს…
მოკლედ, ვემსახურები საქართველოს ყოველთვის და ყველგან, განურჩევლად ჩემი ფიზიკური თუ გეოგრაფიული მდგომარეობისა.
გილოცავთ ფესტივალი არტგენის 20 წლის იუბილეს. მადლობა ყველაფრისათვის. მიყვარხართ მე თქვენ. ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ზაზა კორინთელი.