„ფოტო მაქვს კვარაცხელიასთან გადაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაპოლიში" ვაპირებ თამაშს“ - თემურ ჭყონია
ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ხატია დეკანოიძესთან, ხათუნა სამნიძესთან, თამარ კორძაიასთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ფოტო ხვიჩა კვარაცხელიასთანაც აქვს გადაღებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაპოლიში" აპირებს თამაშს. ამის შესახებ მან BMG-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.
"წინანდალში გოგი ალექსი მესხიშვილის - გენიალური ხელოვანის გამოფენა იყო. ოჯახთან ერთად ერთი დღით ადრე ჩავედი, რომ მენახა, ჩვენი მეგობარია და საინტერესოა, როგორც ხელოვანი. იქ დამხვდა ხატია დეკანოიძე, რომელიც ჩემი მეგობარია. როდესაც პოლარიზაციაზე საუბრობენ, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მეგობრები ერთმანეთს დაემალონ ბუჩქებში, მე ასე ვერ ვიცხოვრებ. კახა კალაძე ჩემი მეგობარია იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული აზრი აქვს... მილანში დავდიოდი მისი ფეხბურთის სანახავად. ფოტო მაქვს კვარაცხელიასთან გადაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაპოლიში" ვაპირებ თამაშს“, - განმარტა ჭყონიამ.
კითხვაზე - რატომ მოჰყვა ამ ფოტოს ასეთი შეფასება, თემურ ჭყონია აცხადებს:
„ნაჩქარევი შეფასებაა. არ მიცნობენ და არც ვაინტერესებ, რომ გამიცნონ და სწორად შემაფასონ. მე ვაფიქსირებ რა როლს ვასრულებ ბიუჯეტში, დასაქმებაში... 5 000 კაცამდე მუშაობს ჩვენთან სისტემაში... 3 500 სტაბილურად, დანარჩენი იცვლება ხოლმე - დისტრიბუცია და ა.შ. ეს არაფერია, პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავისი დღის წესრიგი აქვთ, მაინც ვაფასებ, მაგრამ არსებობს ურთიერთდაფასებაც. ადამიანის კულტურაზეა, დამოკიდებულებაზე პატივისცემა... მე ყველას პატივს ვცემ თავისი მოღვაწეობიდან, მოთხოვნებიდან გამომდინარე. ხანდახან ვაფიქსირებ, რომ მე კოალიციური მთავრობის მომხრე ვარ და ერთპარტიული მმართველობის მომხრე არ ვარ. ეს ჩემი შეხედულებაა და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიძლება იყოს არაპარტიული, ნეიტრალური, მაგრამ ჭკვიანი, რომელსაც სახელმწიფოსთვის დოვლათის მოტანა შეუძლია და ერთგულებით და მლიქვნელობით რომ არჩევ და გინდა, რომ კვოტაში მოხვდე ვიღაცის ლანძღვით... საშინელებაა, როდესაც ადამიანი ვიღაცის კვოტაა...“, - განაცხადა ჭყონიამ.