დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა, რომ ეს იყო ფარსი და სიბინძურე.
"ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობაა. პრაქტიკულად, დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. აღნიშნული კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, პრაქტიკულად მთლიანად იყო ფარსი. მიმართული იყო საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ზოგადად, ქვეყნის გაშავებისკენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა ის სიბინძურე, რაც ხდებოდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შენიღბულია, ვითომ ლობიზმად, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნულო დოკუმენტებიდან ირკვევა, თურმე მიღებული რეზოლუციები, გაკეთებული განცხადებები, რაც კეთდებოდა საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველაფერი იყო ფარსი და ამ ყველაფერს აკეთებდნენ ფულის გამო. ამას ჰქვია სამწუხაროდ, პოლიტიკა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და ამაში ჩართული იყო ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.
ამასთან, გუშინ გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.