დართლოში დღეს დღეობაა.. საუკუნოვან სპილენძის ქვაბში 400 ლიტრამდე ლუდი იხარშება - რას წერს გოგა ჩანადირი?
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი თუშეთის ერთ-ერთ სოფელში შემორჩენილი ტრადიციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„დართლოში დღეს დღეობაა.
ამის გამო ალუდი - აქაური ლუდი მომზადდა.
დართლოს საუკუნოვან სპილენძის ქვაბში 400 ლიტრამდე ლუდი იხარშება.
ზოგადად თუშურ ალუდს გრძელი ისტორია აქვს და ის ლუდისა და ღვინის შუალედური სასმელია და თრობაც ნაკლები აქვს.
სალუდე წმინდა ადგილად ითვლება და იქ ქალს არ უშვებენ.
ამიტომ, მთელ პროცესს საკუთარ თავზე კაცები იღებენ.
ალუდის მოზადების სრული პროცესი, შეიძლება, 2 კვირამდეც გაგრძელდეს, რადგან ერთ-ერთი შემადგენელის - ქერის გაღვივებაზეა დამოკიდებული.
ქერს აშრობენ, ფქვავენ და მიიღებენ ალაოს. ამას მზის ალაო ეწოდება, რადგან არსებობს ბუნებრივი, ე.წ. წყლის ალაოც, რომელიც დანესტიანებით მიიღება.
ალაოს ყრიან ქვაბში, ამატებენ სვიასა და წყალს და იწყება ალუდის დამზადების კიდევ ერთი გრძელი პროცესი, რაც მოხარშვას, გაციებას, გაწურვას, ხელახლა მოდუღება-გაციებას უკაშვირდება.
ბოლო წლებში ალუდის უფრო მოკლე დროშიც ხარშავენ.
ეს არის ყველასგან გამორჩეული სასმელი და მისი დამზადება სახლშიც შეიძლება.
დღეს თუშეთში ბევრგან შეხვდებით არასადღესასწაულოდ მოზადებულ ალუდს და გირჩევთ დაგემოვნებას“ - წერს ჩანადირი.