„ყოველი შენიანის სიკვდილი გაახლოვებს საკუთარ სიკვდილთან. თანაც, რა ადვილია სიკვდილი, რომელმაც საკუთარ ბავშვობას უნდა შეგახვედროს“ - დინა მირცხულავა
მწერალი, დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს:
„ჯერ ბებოები მიდიან
გვიანი შემოდგომის ერთ ღამეს თავქვეშ ამოიდებენ გახუნებულ თავშლებს და გულხელდაკრეფილები იბუტბუტებენ :
-ვიდრე დედამიწას ვემჩატები, იქამდე მაცოცხლე, ღმერთო !
და ერთ მრუმე, უმთვარო ღამეს ისე ემძიმება დედამიწას, რომ სახურავებზე შემორჩენილი ნაზამთარალი თოვლივით დაიფერთხავს ბებოებს და სამუდამოდ გააყოლებს სოფლის ვიწრო ორღობეებს.
ამ დროს კვდება შენი ბავშვობაც, შენი ბავშობის პირველი და მტკივნეული სიკდილია ეს.
ის მდინარიდან, თუთის ხიდან, საწოლისქვეშიდან თუ სოფლის გუბედან მორბის და ბოლომდე მიყვება პროცესიას.
მერე დედები მიდიან და მის კალთაში კვდება შენი ბავშვობა.
მიდიან და სამუდამო სინანული გიღრღნის გულს :
„არ მცალია“
„მეჩქარება“
„სხვა დროს ვილაპარაკოთ“
„ახლა არა, დე !“
ასეთი წასვლა იციან დედებმა.
მერე - მამები.
შრომისაგან დაღლილსა და დაკოჟრილ ხელებს თავქვეშ ამოიდებენ და იმ ღამეს მუხლამდე მოვა თოვლი.
მამებიც ასე - სამუდამოდ ჩამოიფერთხავენ შენს ბავშვობას თავიანთი ვიწრო თუ ფართო მხრებიდან და ... უკვე დიდი ხარ.
„იქამდე მაცოცხლე, ღმერთო !“ - ყოველი შენიანის სიკვდილი გასწავლის ლოცვას და გაახლოვებს საკუთარ სიკვდილთან.
თანაც, რა ადვილია სიკვდილი, რომელმაც საკუთარ ბავშვობას უნდა შეგახვედროს, ბავშვობას, რომელიც ასე ნაწილ - ნაწილ გაიტანეს შენიდან წამსვლელებმა.
#დინამირცხულავა“.