თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი გაიხსნება? - ნინო წილოსანს განცხადება
მესმის, რომ ზაფხულია და მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი. არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება - საქართველოში მოწესრიგებულია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას და აკრედიტაციას კარგად არეგულირებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ- ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ.
მისივე თქმით, ვერ ხვდება მიზეზს, რატომ უნდა იმსჯელოს ვიღაცის მოსაზრებებზე. წილოსანი აცხადებს, რომ თუ ეს რაიმე ფორმით ფაქტს დაემსგავსება, კომენტარს შემდეგ გააკეთებს.
"თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება.
მე მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, შეგვიძლია სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს.
ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული," - განაცხადა წილოსანმა.
რაც შეეხება კითხვას, უწყობს თუ არა "ქართული ოცნება" ხელს რუსულ ექსპანსიას, როცა შეზღუდვებს არ უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ სურვილი არ აქვს ქსენოფობიური განცხადებები აკეთოს.
"არანაირი სურვილი არ მაქვს ქსენოფობიური განცხადებები ვაკეთო. ეს კითხვა, ალბათ, ბევრს მისცემს საშუალებას ქსენოფობიური იყოს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თუ ვინმე არღვევს კანონმდებლობას, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონმდებლობას თუ სხვას, რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული მათ მიმართ ინდივიდუალური ზომები, მაგრამ ვერაფრით გავამართლებ კრებსითად რომელიმე ერის წარმომადგენლის მიმართ აგრესიულ, სიძულვილის შემცველ განცხადებებს.
ტერმინი [რუსული ექსპანსია] თქვენი მოგონილია. არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში," - განაცხადა წილოსანმა.