თეგებით ძიება

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ირაკლი ღარიბაშვილი

დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

გასულ წელს ევროპულმა ლიდერებმა, მათ შორის, ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მომენტიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა